სლოვაკეთმა უკრაინას საჩუქრად 5 შვეულმფრენი გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას საჩუქრად გადასცა საბჭოთა კავშირის მიერ წარმოებული Mi-სერიის ხუთი სამხედრო შვეულმფრენი და საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემისთვის. ამის შესახებ ქვეყნის თადაცვის მინისტრმა განაცხადა.
 
დახმარება მოიცავს ოთხ M1-17 და ერთ Mi-2 ტიპის შვეულმფრენს, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე გადაეცა. სანაცვლოდ სლოვაკეთს აშშ-ის წარმოების UH-60M Black Hawk ვერტმფრენები გადაეცა.

NATO-ს წევრი და უკრაინის დასავლელი მეზობელი, სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. სლოვაკეთმა უკრინას უკვე გადასცა სხვა სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.